ბიძინა ივანიშვილის ამოცანა პირველ რიგში მამუკა ხაზარაძის დასჯაა. რა თქმა უნდა, როგორც გვერდითი ეფექტი, ამით „თიბისი ბანკი“, მთლიანად ქართული ეკონომიკა და ანაკლიის პორტიც ზარალდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების კომენტირებისას განუცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე მამუკა ხაზარაძეა, როგორც მის კონტროლს არდაქვემდებარებული პირი, ამ პროცესის შედეგად კი „თიბისი ბანკი“ და ანაკლიის პორტი ზარალდებიან.
„ივანიშვილის ამოცანა პირველ რიგში მამუკა ხაზარაძის დასჯაა, გავიხსენოთ მოვლენათა ჯაჭვი, 2018 წლის ივნისში ივანიშვილი საჯაროდ აკრიტიკებს ხაზარაძეს და ივლისში, 6 სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურა ერთდროულად შედის და იწყებს „თიბისი ბანკის“ შემოწმებას. რა იყო სამიზნე, „თიბისი“ ან ანაკლია? არა, პირველ რიგში სამიზნე იყო თვითონ ხაზარაძე, როგორც ივანიშვილისგან დამოუკიდებელი, ივანიშვილის კონტროლს არდაქვემდებარებული პირი.
ივანიშვილს ტოტალური კონტროლი სურს, სხვაგვარად იგი ამ საზოგადოებას ვერ შეინარჩუნებს. მისთვის საფრთხეს წარმოადგენს ყველა, ვისაც დამოუკიდებლად სოციალური და ფინანსური კაპიტალი აქვს, ამიტომ აღმოჩნდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე სამიზნე. რა თქმა უნდა, როგორც გვერდითი ეფექტი, ამით „თიბისი ბანკიც“, მთლიანად ქართული ეკონომიკა და ანაკლიის პორტიც ზარალდება“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, შეთქმულების თეორიების არ სჯერა, თუმცა ფაქტია, რომ არსებული სიტუაციით კრემლი სარგებლობს.
„მე არ ვარ ხოლმე შეთქმულების თეორიების მომხრე, რომ ახლა ვიღაცამ დაურეკა კრემლიდან ივანიშვილს და უთხრა, ანაკლია ჩაძირეო, მაგრამ შედეგობრივად ამით სარგებლობს ფოთის არსებული პორტის უკან მდგარი ქართული კლანი ჩხარტიშვილის მეთაურობით და კრემლი, იმიტომ, რომ კრემლის ინტერესში ქაოსში მყოფი, ეკონომიკურად დასუსტებული, ჩამოშლილი საქართველოა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამასთან, როგორც "ევროპული საქართველოს” წევრი აცხადებს, ქართულ ეკონომიკას ბიძინა ივანიშვილის სახით სისტემური პრობლემა აქვს.
„თიბისი ბანკის“ აქციების ვარდნა იანვარში, ახლანდელ ვარდნას, რომ შევადაროთ , როდესაც იანვარში „თიბისის“ აქციების ფასი მცირდებოდა, აქციონერები სხვა ქართულ აქციებზე გადადიოდნენ, მაშინ მოიმატა „საქართველოს ბანკისა“ და Georgia Capital-ის აქციების ფასმა. ახლა „თიბისის“ აქციების ვარდნასთან ერთად, სხვა ქართული კომპანიების აქციებიც ვარდებოდა, ანუ ამ ხალხმა დაინახა, რომ ერთი ქართული აქცია მეორით არ უნდა ჩაანაცვლონ, მათ დაინახეს, რომ ქართულ ეკონომიკას აქვს სისტემური პრობლემა. ამ სისტემურ პრობლემას აქვს ერთი სახელი ბიძინა ივანიშვილი,”-განაცხადა ჭიაბერაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.