„უშგულში ჩამოშლილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღდგენას ექვემდებარება"

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც გუშინ ჩამოიშალა, აღდგენას ექვემდებარება.

ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უშგულში ოცდაათამდე ობიექტის პროექტირება იგეგმება და მათ შორის იქნება აღნიშნული კოშკიც.

„ასეთი პროცესები მუდმივად ხდება, სამწუხაროდ. თუმცა ექვემდებარება აღდგენას და არსებობს მთელი რიგი მასალები, რათა დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. შარშანწინაც ჩამოინგრა ჩარკვიანების კოშკი უშგულში და დავიწყეთ რეაბილიტაცია. ჩვენ პერმანენტულად ვმუშაობთ ჩაჟაშში, სადაც 30-მდე ობიექტი კეთდება წელს. ასევე 30-მდე ობიექტის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა და სწორედ მათ შორის არის უშგულში გუშინ ჩამოგრეული კოშკიც“,- ამბობს ანთიძე.

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკი გუშინ ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.