კითხვის ნიშნები იქნება იქამდე, ვიდრე საბოლოოდ ყველაფერი არ გაირკვევა და აშკარა არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. ამასთან ჟორჟოლიანის თქმით, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში პირი უნდა დაისაჯოს მიუხედავად იმისა, თუ რამდენ მილიონიან პროექტს ახორციელებდა ქვეყანაში.
გარდა ამისა, ჟორჟოლიანის თქმით, ის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით ხაზარაძის გაცხადებასა და მის მიმართ ბრალის წარდგენას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს.
„არც გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი და არც მოსამართლე. ყველა საკითხი უნდა იქნას განხილული და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება. კითხვის ნიშნები იქნება იქამდე, სანამ საბოლოოდ ყველაფერი არ გაირკვევა და აშკარა არ იქნება”,-აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, ჟორჟოლიანის შეფასებით, ხელისუფლებისგან უფრო მკაფიოდ უნდა იყოს საუბარი პროექტის ეკონომიკური გარანტიების შესახებ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წელია ვერ ხერხდება იმ ინვესტიციების მოძიება, რომელიც ამ პორტის ამოქმედებისთვის არის საჭირო. ამავე დროს, სავარაუდო ინვესტორები, რომლებიც ამ პროექტში არიან, გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვენ სახელმწიფოსგან ტვირთების გადაზიდვის გარანტიების შესაქმნელად. ამ დროს ამას ახორციელებს კერძო კომპანია და ჩვენი ყველას ფული, სახელმწიფოს ფული უნდა გახდეს გარანტია კერძო კომპანიის წარმატებისთვის? ეს ლოგიკური არ არის.
მე ვისურვებდი, მათ შორის ხელისუფლებისგანაც, რომ უფრო მკაფიოდ იყოს საუბარი იმაზე, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარია. თუ უსაფრთხოებისთვის არის პროექტი, მაშინ ნუ ვიტყვით, რომ ვაშენებთ ეკონომიკურ პროექტს.
ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ქობულიამ თქვა, რომ ამის ეკონომიკური დასაბუთება მე ვერ მოვიძიეო. ე.ი მე მგონია, რომ არასაკმარისად არის ეს წარმოჩენილი ან არის და ვიღაც არ ლაპარაკობს“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.