საქართველოდან ექსპორტზე 8 ათასი ტონა ატამი უკვე გავიდა

საქართველოდან ექსპორტზე 8 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა უკვე გავიდა. როგორც East-Fruit-ი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, პროდუქციის დაახლოებით 75%, 6 ათასი ტონა ქვეყნის გარეთ საბაჟო-გამშვები პუნქტის - „ყაზბეგის“ გავლით გაიტანეს.

„ატმის ექსპორტი „ყაზბეგის“ გავლით უპრობლემოდ მიმდინარეობს. დღე-ღამეში მებაჟეები 200-220 ტონა ატამს ატარებენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

საქართველოში ატმის მოსავლის აღება სხვა წლებთან შედარებით, წელს ცოტა გვიან დაიწყო, რისი მიზეზიც კლიმატური პირობები გახდა. ატმის პირველი პარტია ექსპორტზე ივლისის მეორე ნახევარში გავიდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ატმის მოსავალმა 2018 წელს 27,5 ათასი ტონა შეადგინა, მათ შორის, 7,5 ათასი ტონა იყო ვაშლატამა. რაც შეეხება ექსპორტს, შარშან ქვეყნიდან 8,190 მლნ დოლარის ღირებულების ატამი გავიდა.