ნავთობის ფასი ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე შეხვედრის შემდეგ დაეცა

ვენაში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საგანგებო შეხვედრის შემდეგ, ნავთობის ფასმა დაიკლო. იმავდროულად, ფასის კლება, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამაც განაპირობა.

ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა 15 ცენტით, 56.05 დოლარამდე დაიკლო, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი კი 32 ცენტით, 63.05 დოლარამდე შემცირდა.

მოლაპარაკებაში ირანის წარმომადგენელმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მხარეებს შორის დისკუსია კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა მას არ უსაუბრია იმაზე, რომ ჯერაც არაერთი გადაუჭრელი პრობლემა რჩება. როგორც ცნობილია, თეირანი თანდათან იხსნის აღებულ ვალდებულებებს და ასე გააგრძელებს, ვიდრე ევროპა შეერთებულ შტატებს ვერ დაითანხმებს იმაზე, რომ მან ხელშეკრულება არ დატოვოს.

ამჟამად მსოფლიო ბაზრებს, გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების ფაქტი აშფოთებთ. ეკონომიკის შენელებას, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი განაპირობებს. შექმნილ სიტუაციაში, ნავთობზე მოთხოვნა კლებულობს. ეს ფაქტორი კი, OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) და მისი პარტნიორი ქვეყნების მიერ, მიწოდების შეზღუდვის გავლენას სრულად ფარავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ახლახანს გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. აშშ-ში გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში უფრო მცირე ტემპით გაიზარდა, ვიდრე პირველ კვარტალში. იაპონიამ კი ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეკვეცა. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ გამოაცხადა, რომ ევროზონის ეკონომიკის პერსპექტივები სულ უფრო მეტად და მეტად უარესდება.