2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზარდა და 4 410.5 ჰექტარი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, აქედან, ტბორების ფართობმა 2 327.5 ჰექტარს მიაღწია, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით შემცირდა და 25.9 ჰექტარით განისაზღვრა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსაცავებისა და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ჯამური ფართობი კი 2 057.1 ჰექტარია.
„2018 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა საერთო ფართობით - 1 515.4 ჰექტარი. სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 501.4 ჰექტარი, იმერეთში 145.3 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 165.4 ჰექტარი შეადგინა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული საერთო ფართობით - 17.9 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 2.9 ჰექტარს, აჭარაში - 1.7 ჰექტარს, გურიაში - 1.5 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.1 ჰექტარს არ აღემატება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.