ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი სულ მალე „აგროჰაბში“ გამოჩნდება.
ამ ეტაპზე კი პროდუქტი კომპანიის საწყობში და „ჯორჯიანსპაში“ იყიდება.
საუბარია „ჯეოლაივის“ მიერ წარმოებულ საპონზე, რომელიც „ქიზიყის“ ბრენდით იყიდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, მათი წარმოებული პროდუქტი უკვე მომავალი წლიდან სავაჭრო ქსელ „კარფურშიც“ გაიყიდება.
რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, პირველ ეტაპზე დუბაში, ჩინეთში, შემდეგ კი რუსეთში, ბელორუსში, ჰოლანდიასა და აშშ-შიც გავა. ეს დაახლოებით 2020-21 წლებში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სვანიძე ამბობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.
მოგვიანებით, სიღნაღში ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, სადაც პროდუქციის წარმოება 2017 წლიდან დაიწყო.
რაც შეეხება საპონს, სულ რამდენიმე თვეა ქართულ ბაზარზე სახელწოდებით - „ქიზიყი“ გამოჩნდა.
კითხვაზე, ადგილობრივ ბაზარზე რამდენად მოთხოვნადია ზეთისხილის საპონი, „ჯეოლაივის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხარისხიდან გამომდინარე, მოთხოვნა სულ უფრო მზარდია.
ცნობისთვის, კომპანია ამ დროისთვის ზეთის ხილს, ზეითუნის ზეთსა და საპონს აწარმოებს.