ჩინეთი და აშშ თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს კვლავ განაახლებენ. რიგით მე-12 შეხვედრა მხარეებს შორის შანხაიში 30-31 ივლისს გაიმართება. ამერიკულ მხარეს რობერტ ლეიტჰაიზერი, ჩინურს კი ლიუ ხე უხელმძღვანელებს.
ჩინური მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების განახლება მოხდება სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის ოსაკაში გამართული დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის და გაიმართება თანასწორობის პრინციპის დაცვით.
მხარეებს ჯერ არ გაუვრცელებიათ ოფიციალური დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ საკითხებს განიხილავენ მხარეები, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მხარეები შეეცდებიან დაარეგულირონ ეს გართულებული სავაჭრო ურთიერთობები. შესაბამისად, გამოდის, რომ უცვლელია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა მიღწევა ვერ მოხერხდა წინა 11 რაუნდის განმავლობაში. აშშ კვლავ ხაზს უსვამს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობაში არსებულ უზარმაზარ დისბალანსს, კიბერუსაფრთხოებას, ამერიკული მაღალი ტექნოლოგიების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას და ა.შ.
ამ საკითხების შედეგად ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულად, სავაჭრო ომი მიმდინარეობს. მხარეები თვეების განმავლობაში ადანაშაულებენ ერთმანეთს და ერთმანეთის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს აწესებენ.