მშენებლობებზე ნებართვების გაცემა გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4 991 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის 1-ელ 6 თვეში ნებართვები 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზეა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,5 პროცენტით მეტი) გაცემული.
„საქსტატის“ ცნობით, ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი თბილისზე, 11,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე ნაწილდება.
„აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,4 პროცენტი ქ. თბილისზე, 15,0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.