“არემჯის“ 350-მდე თანამშრომელს საჩუქრად ზღვაზე დასასვენებელი საგზურები გადაეცათ

„არემჯი“ უერთდება კამპანიას #spendyoursummerinGeorgia დაისვენე საქართველოში, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლებს საჩუქრად ზღვაზე დასასვენებელი საგზურები გადაეცათ.

2019 წლის 1 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, 350-მდე თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები ზღვისპირა კურორტ ურეკში ერთი კვირით გაემგზავრებიან. საგზური ითვალისწინებს სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს თანამშრომლების ტრანსპორტირებას კაზრეთი-ურეკი, ურეკი-კაზრეთის მიმართულებით, სასტუმროს ნომერს სამჯერადი კვებით.

კომპანიაში დასაქმებულ მრავალშვილიან ოჯახებს და ასევე თანამშრომლებს, რომლებსაც ოჯახში ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, საგზურები პირდაპირი წესით გადაეცათ. სხვა თანამშრომლებისათვის და მათი ოჯახებისათვის საგზურები ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია აქტიურად ჩაება ქვეყნისათვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო კამპანიაში. დღეს 70-მდე საგზური გადავეცით ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, ოჯახებთან ერთად ურეკში დაისვენებენ. ამდენი ადამიანის გახარებული სახე გვაძლევს სტიმულს, რომ ვიშრომოთ კიდევ უფრო მეტი და ჩვენს თანამშრომლებს საუკეთესო სამუშაო და დასასვენებელი პირობები შევუქმნათ,“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.