არასამთავრობო ორგანიზაცია "მოირგე" საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლების წარმოებას იწყებს. საწარმოსთვის ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე უკვე შერჩეული და შეთანხმებულია ფართი, რომელიც ორგანიზაციას "ჯორჯიან მანგანეზმა" უსასყიდლოდ გამოუყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შშმ პირებს მოემსახურება და მინიმუმ, სამი შშმ პირი დასაქმდება. მნიშვნელოვანია, რომ ეტლები საქართველოში დამზადდება და საჭიროების მქონე პირებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, პროექტს სხვა მხარდამჭერებიც ჰყავს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკ ჯორჯია" და საქართველოს ბანკის პროექტი "სიცოცხლის ხე".
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საწარმოს გახსნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა დეტალი განიხილეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.