„საჯარო მოხელეები გვაწვდიან ინფორმაციას იმ კორუფციისა და კრიმინალის შესახებ, რომელსაც ივანიშვილი-რიჟვაძის მთავრობა აწარმოებს აჭარაში"

ქობულეთი-ზენითი ალამბრის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონამდე ლარის გახარჯვის თაობაზე არ არის შესაბამისობის დოკუმენტაცია წარმოდგენილი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რეზო ხარაზი აცხადებს, აუდიტის დასკვნა კონფიდენციალური წყაროს დახმარებით მოიპოვა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. საჯარო მოხელეები გვაწვდიან ინფორმაციას იმ კორუფციისა და კრიმინალის შესახებ, რომელსაც ივანიშვილი-რიჟვაძის მთავრობა აწარმოებს აჭარაში. ჩვენ წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც არის გასაჯაროებული და ამ დოკუმენტს ფარდა აეხდება. ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში არის კორუფცია. აჭარის საავტომობილო დეპარტამენტში არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იპარავდნენ. ეს არის აუდიტის პირველადი დასკვნა, ალამბარი-ზენითის გზაზე მოპარულია მილიონობით ლარი. ასევე ინერტული მასალის მოპოვებაზეც მილიონობით ლარია მოპარული.

სხვადასხვა ტენდერები გაუმჭვირვალობით არის ჩატარებული და სისხლის სამართლის დანაშაულს მოიცავს. აუდიტის სამსახურს ამ ყველაფერზე აუცილებლად ექნება რეაქცია. ამ აუდიტის დასკვნას ვერ გაექცევა პროკურატურა. არჩილ ჩიქოვანი არის თორნიკე რიჟვაძის მეგობარი, იგი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად კორუმპირებულია",- განაცხადა რეზო ხარაზმა.