„ზოგადად, რაც ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ხელს უშლის ინვესტორების შემოსვლას"

ზოგადად, რაც ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ხელს უშლის ინვესტორების შემოსვლას, - ასე პასუხობს კახა კალაძე "ინტერპრესნიუსის" მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ იქონიებს გავლენას საინვესტიციო ბაზარზე, "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

კახა კალაძის განცხადებით, ბაზარი თავისუფალია, თუმცა არსებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ტურისტული ნაკადის შემცირებას უკავშირდება, იმ ქმედებებმა გამოიწვია რასაც "უპასუხისმგებლო ოპოზიციის" მხრიდან ჰქონდა ადგილი. კახა კალაძემ, კონკრეტულად მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხზე საუბრისას თავი შეიკავა.

"ზოგადად რაც ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ხელს უშლის ინვესტორების შემოსვლას. ეს განაპირობა ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებებმა, ქმედებებმა რაც 20 ივნისის ღამეს მოჰყვა. დღეს ყველაზე მეტად რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. ის რომ ტურიზმი შემცირდა, ვის ავნებს თუ არა ჩვენს მოსახლეობას, ადამიანებზე აისახება. ტენდენცია რაც იყო, რომ ტურიზმი ვითარდებოდა, ყოველწლიურად იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა და უცებ ამ მოვლენებს, ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო, მოყვა შემცირება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ბაზარი თავისუფალია და არასწორია იმის თქმა, რომ საქართველო მხოლოდ რუსულ ტურიზმზე იყო მიმაგრებული. მისი თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა, გავლენა სხვა ქვეყნებზეც იქონია, რამაც საბოლოო ჯამში, მოსახლეობა დააზარალა.

„ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა ისაა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მომდევნო წელს, ორი წლის შემდეგ ეს ყველაფერი ისევ არ აისახოს ჩვენს მოსახლეობაზე და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ აქ არის მშვიდობა და ყველა ქვეყნის მოქალაქე აქ არის დაცული",- აღნიშნა კახა კალაძემ.