ევროკავშირი საბანკო და საგადასახადო მომსახურების სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტს იწყებს

ევროკავშირი საბანკო და საგადასახადო მომსახურების სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტს იწყებს. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი 2-წლიანია, რომლის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და რომელსაც პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება ახორციელებს. მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაში დაეხმარება, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.

დღეს ეროვნულ ბანკში პროექტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვენეტაძემ გახსნა. გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივად მიისწრაფვის ახალი შესაძლებლობებისა და პრაქტიკის დანერგვისკენ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიულ რეგულატორს წარმოადგენს, რომელიც მუდმივად ისწრაფვის ახალი შესაძლებლობების მოძიებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისკენ. შესაბამისად, დაძმობილების პროექტი უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკისთვის, რამდენადაც მისი მიზანი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის მანდატთან-ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტკის შესაბამისად“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

თავის მხრივ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსნეტ რეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში ფინანსური სექტორის მხარდაჭერას აძლიერებს.

„ევროკავშირის საჯარო მომსახურების დაძმობილების პროექტი, საქართველოს საბანკო და საგადასახადო მომსახურების ჩარჩოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშემწყობია. ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“,-განაცხადა ვინსნეტ რეიმ.

დღეს პროექტის ოფიციალურ გახსნას დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარდა ამისა შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, კომერციული ბანკების, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.