ევროკავშირის ახალი პროექტი საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. პროექტის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და მას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება (UKNF) 2 წლის განმავლობაში განახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, რომელიც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად დაინერგება, რაც თავის მხრივ, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიული რეგულატორია, რომელიც მუდმივად ისწრაფვის ახალი შესაძლებლობების მოძიებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისკენ. შესაბამისად, დაძმობილების პროექტი უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკისთვის, რამდენადაც მისი მიზანი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის მანდატთან - ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად" - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
"ევროკავშირი აძლიერებს ფინანსური სექტორის მხარდაჭერას საქართველოში. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების ჩარჩოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშემწყობია, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსნეტ რეიმ,
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართველი და პოლონელი პარტნიორების ერთობლივმა მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს:
- რეგულატორული, საზედამხედველო და აღსრულებადობის ჩარჩოს ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
- საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციისა და შესაძლებლობების გაძლიერებას საბანკო და საგადახდო მომსახურების ბაზრის დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
- ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესებას საბანკო და საგადახდო მომსახურების სექტორის ბენეფიციარების დაცვისა და ფინანსური ბაზრის განვითარების მიზნით საქართველოში.
პროექტის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბართლომეი გონტაჟი; პოლონეთის ფინანსური ზედამხვედველობის უწყების საბჭოს თავმჯდომარე, იასეკ იასთჟემბსკი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილი. პროექტის ლიდერი წევრი სახელმწიფოს მხრიდან, პოლონეთის ფინანსური ზედამხვედველობის უწყების ანალიზისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დირექტორი მიხალ კრუშკა და პროექტის ლიდერი ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსნეტ რეიმ მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.