სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე შალვა თ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.