„მეფე ლომი“ მილიარდერთა კლუბს შეუერთდა

გამოსვლიდან 11 დღის შემდეგ კომპანია „დისნეის“ საკულტო ანიმაციის 1994 წლის „მეფე ლომის“ 2019 წლის ფილმმა მსოფლიო სალარო შემოსავლებით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. „მეფე ლომი“ მსოფლიო კინოს ისტორიაში 42-ე ფილმი გახდა, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს და 2019 წელს მეხუთე ფილმია მილიარდიან ზღვარს გადაბიჯებული.

2019 წელს მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს ფილმებმა: „შურისმაძიებლები - დასასრული“ - 2,79, „კაპიტანი მარველი“ – 1,12, „სპაიდერმენი - სახლიდან შორს“ – 1,03, „ალადინი“ – 1,01 და „მეფე ლომი“ – 1 მილიარდი დოლარით. ამ ნიშნულამდე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი აკლია ასევე „დისნეის“ ანიამციას „სათამაშოების ისტორია 4“.

ფილმის რეჟისორია ჯონ ფავრაუ, რომელმაც ორი წლის წინ ასევე ფილმად აქცია „ჯუნგლების წიგნი“, თუმცა მას ცოტა დააკლდა მილიარდიან შემოსავლამდე. აღსანიშნავია, რომ 1994 წლის „ლომი მეფე“-ს საბოლო შემოსავალს 965 მილიონ დოლარს 2019 წლის ფილმმა ზუსტად 10 დღეში მიაღწია.

ფილმზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიოს მთავარ ბაზრებზე, რაც იძლევა პროგნოზირების საფუძველს, რომ მისი საბოლოო როტაციამდე ის შეძლებს სულ ცოტა 1,5 მილიარდი დოლარის გამომუშავებას.

„მეფე ლომი“ წარმატებით გადის ქართულ კინოთეატრებშიც.

კოკა კვირკველია