ვინ არის „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელი, რომელმაც სახელი შეიცვალა და რებრენდინგი დაიწყო

გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდის ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

„ამჟამად დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას. ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება. „თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს, რეესტრის 30 ივლისის ამონაწერით, „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“) 100%-იანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეია“.გენერალური დირექტორი კი მამუკა კობახიძეა, რომელიც მანამდე მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ „ვოლთბეი“ გაზგამანაწილებელი კომპანიის მფლობელი გასულ წელს გახდა. მანამდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახური სააქციო საზოგადოება ყაზტრანსგაზი იყო. კომპანია WALTBAY LTD საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის – შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ ნაწილს წარმოადგენს. „სი ბი ეს ჯგუფი“ 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სი ბი ეს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიები არიან: „კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს ,,მობიტელი’’ (,,ბილაინი’’), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“ და TÜV Rheinland. კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

თაია არდოტელი