„ევრო 5 სტანდარტის საწვავზე ტოტალური მავნებლობაა საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევრო 5 სტანდარტის შემოღება გამოიწვევს მხოლოდ საწვავის გაძვირებას, კიდევ უფრო გაამწვავებს უარყოფით სავაჭრო ბალანსს და მისთვის, გაუგებარია, თუ რატომ იღებს ხელისუფლება ასეთ მავნებლურ გადაწყვეტილებებს.
„ევრო 5 სტანდარტის საწვავზე გადასვლა არის ტოტალური მავნებლობა საქართველოსთვის. საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც ევროკავშირის ქვეყნები, ამიტომ მათთან გატოლება ევრო 5 სტანდარტის შემოღებით, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. ევრო 5 სტანდარტის შემოღება გამოიწვევს მხოლოდ საწვავის გაძვირებას, კიდევ უფრო გაამწვავებს უარყოფით სავაჭრო ბალანსს. რაც მთავარია, არანაირი რეალური ეფექტი ეკოლოგიასთან არ ექნება, რადგან ევრო 4 და ევრო 5 სტანდარტს შორის ეკოლოგიის თვალსაზრისით, ძალიან მცირე სხვაობაა.
მაშინ როცა ავტოპარკში 50%-ზე მეტი 20 წელს გადაცილებული ავტომობილი გყავს, ევრო 5-ზე ლაპარაკი ან მავნებლობაა, ან არ გამოვრიცხავ რაიმე ტიპის გარიგება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ამ ტიპის საწვავს ვერ შემოიტანს, რადგან არ აქვთ ევრო 5 -ის საწვავი და რომც ჰქონდეთ უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ევრო 4. შესაბამისად, ამ სტანდარტის საწვავს შემოიტანს რუსეთი და თუ იტყვის, რომ აღარ შემოვიტანო, მოგვიწევს წავიდეთ და ვიყიდოთ ევროპაში, რაც საწვავს კიდევ უფრო გააძვირებს.
შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ იღებს ხელისუფლება ასეთ მავნებლურ გადაწყვეტილებებს. ეს საკითხი მთავრობაში რომ ვიყავი ჩემთვის ერთ-ერთ საიდუმლოდ დარჩა,“- აღნიშნა ქობულიამ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხმა ევრო 5 სტანდარტამდე უნდა აიწიოს.