Apple-ის მოგება 13%-ით შემცირდა

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტის კომპანია Apple-ის 2019 წლის მესამე კვარტლის მოგებამ 13%-ით იკლო გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. შესაბამისი ინფორმაცია მოყვანილია კომპანიის საანგარიშო დოკუმენტში, რომელიც გავრცელდა.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 29 ივნისს დასრულდა, Apple-ის მოგებამ 10,04 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 11,5 მილიარდი იყო. ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომპანიის საერთო შემოსავალი 53,8 მილიარდი დოლარი იყო წინა წლის ანალოგიური პერიოდის 53,2 მილიარდთან შედარებით. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი შემოსავლები 58 მილიარდი დოლარი, მოგება კი 11,5 მილიარდი დოლარი იყო.

1976 წელს დაფუძნებული კომპანია Apple ბაზარზე წარმოდგენილია სმარტფონებით, კომპიუტერებით, პლანშეტებით, ლეპტოპებით, მუსიკალური დამკვრელებით და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციით. კორპორაცია, რომლის შტაბბინა კუპერტინოში მდებარეობს, დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას მსოფლიოში. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ გასული წლის შემოდგომაზე 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ამ მომენტისთვის 960 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კოკა კვირკველია