თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გზა სუპერმარკეტ “აგრო ჰაბსა“ და ყოფილ “მათე მოტორსს“ შორის გაივლის და დაუკავშირდება მაჭავარიანის ქუჩას, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიმდებარედ.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა დაახლოებით 2-კილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას.
გელოვანი-მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს იწყება და შვიდ თვეს გასტანს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 15 000 000 ლარს შეადგენს.