სექტემბრიდან, წლის ბოლომდე თბილისში isuzu-ს მარკის 8-მეტრიანი 220 ახალი ავტობუსი შემოვა

სექტემბრიდან, წლის ბოლომდე თბილისში 220 ახალი ავტობუსი შემოვა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, სადაც ნახეს ის ავტობუსები, რომლებიც ძალიან მალე შემოვა დედაქალაქში.

„ეს არის isuzu-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსები, 220 ერთეული, რომელიც სექტემბრიდან დაიწყებს დედაქალაქში შემოსვლას და წლის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრდება მოწოდება. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გასულ წელს, ერთი წლის წინ წარვუდგინეთ მოსახლეობას, სადაც დეტალურად იყო გაწერილი, ყველა ის გეგმა და ყველა ის ქმედება, რომელსაც აპირებს მუნიციპალიტეტი განახორციელოს იმისთვის, რომ ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამ პოლიტიკაში შემავალი ყველა მიმართულება იყოს მოწესრიგებული და მოგვარებული“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს 110 ერთეულ ახალ ავტობუსზე დამატებით შესყიდვას.

„ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოაცხადებს ახალ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე. ეს იქნება „ევრო6“-ის სტანდარტის გაზზე მომუშავე 12 მეტრიანი ავტობუსები 110 ერთეული. 110 ერთეულ ახალ ავტობუსზე ვაცხადებთ დამატებით შესყიდვას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მთლიანად მოწესრიგებული და ყვითელი ავტობუსები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის და კომფორტულობის თვალსაზრისით, უნდა იყოს ჩანაცვლებული. ჩვენი ქალაქის მოსახლეობა იმსახურებს ახალ, კომორტულ და სწრაფ ავტობუსებს, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ და მოვაგვარებთ. გარდა ამისა, 90 ერთეული მანის ავტობუსი, რომელიც შესყიდული გვაქვს და ველოდებით დარჩენილ 50 ერთეულს, რომელსაც მოწოდების თვალსაზრისით გარკვეული შეფერხებები შეექმნა კომპანიას, სექტემბრისთვის გვეუბნებიან, რომ მთლიანად იქნება დასრულებული არსებული შესყიდვა, რომელიც იქნა განხორციელებული“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა მეტროს სისტემის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ მეტროს 12 შემადგენლობიდან 8 უკვე რეაბილიტირებულია და ხაზზეა გაშვებული. დანარჩენი ოთხი კი, დაახლოებით წლის ბოლოსთვის დაიწყებს მომსახურებას თბილისის მოსახლეობისთვის.

„რასაკვირველია, სატრანსპორტო პოლიტიკა არის გაცილებით გრძელვადიანი, ვიდრე მერის უფლებამოსილების ვადა, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ვადის განმავლობაში შევასრულებ სატრანსპორტო პოლიტიკის ყველა იმ პუნქტს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის”,- განაცხადა კალაძემ.