თემქის ხევის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაახლოებით 4 თვეში ჩვენ გვექნება პარკის დასრულებული პროექტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 31 მაისს გამოცხადდა კონკურსი თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე და დღეს გამარჯვებული კომპანია არის „ატელიე არქიტექტს“, რომელთანაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და დაახლოებით 4 თვეში პარკი დასრულდება.
„ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება პროექტირების ეტაპზე.
თემქის ხევში, რომლის ფართობიც 23 ჰექტარია, სარეკრეაციო სივრცის მოწყობისას მაქსიმალურად შენარჩუნდება ბუნებრივი ლანდშაფტი, აქ იქნება პატარა მდინარეც, რომლის ნაპირებზე მოეწყობა სასეირნო ბილიკები ვიზიტორებისთვის.
კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით, მინიმუმამდე უნდა დავიდეს გარემოზე ზემოქმედება; არსებული მწვანე საფარი უცვლელად შენარჩუნდეს და დამატებით მოეწყოს ფოთლოვანი, წიწვოვანი, დეკორატიული ხეების ტყეები და ა.შ. ამ მიზნით შემუშავდება დეტალური დენდროლოგიური პროექტი; ამასთანავე გათვალისწინებული იქნება პარკთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიღწევადობა”,-აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, პროექტის მიზანია არა მხოლოდ ლანდშაფტურად განვითარდეს ტერიტორია, არამედ, გაძლიერდეს სოციალური აქტივობები.