„ერთადერთი სექტორი, სადაც ივნისში კლება ფიქსირდება, საფინანსო საქმიანობაა"

ერთადერთი სექტორი, სადაც ივნისში კლება ფიქსირდება, საფინანსო საქმიანობაა, რისი ძირითადი მიზეზიც კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების შემცირებაა, - ამის შესახებ „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, ზრდა შეინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა სექტორში, გარდა საფინანსო საქმიანობისა. საფინანსო სექტორში კლების მიზეზი კი კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების და შესაბამისად გამოშვების მოცულობის კლებაა.

„რაც შეეხება სექტორების მიხედვით ზრდისა და კლების მიზეზებს, დამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა ძირითადად უკავშირდება მეტალურგიულ მრეწველობაში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, დაახლოებით 41%-ითაა გაზრდილი ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტი. უძრავი ქონებით ოპერაციების და მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის სექტორში ზრდა განაპირობა ისეთი კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდამ, როგორიცაა სარეკლამო, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კომპიუტერებთან დაკავშირებული, არქიტექტურის და სხვა. ვაჭრობის დარგში ზრდა დაკავშირებული იყო დიზელის სათბობით საბითუმო ვაჭრობის ზრდასთან, 17%-ით გაიზარდა დიზელის საწვავის იმპორტი, დაახლოებით 63%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, ვაჭრობაზე და ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორზე დადებითად იმოქმედა ტურისტების რაოდენობის მატებამ, ივნისში ტურისტული ვიზიტები წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის იანვრიდან, პირველად შეინიშნება ზრდა მშენებლობის სექტორში, ამის მიზეზია სამშენებლო საქმიანობის გააქტიურება, როგორც გზების, ხიდების, ესტაკადების, ასევე შენობების საერთო მშენებლობის მიმართულებით,“- განაცხადა საქსტატის დირექტორმა.

მისივე თქმით, წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5%, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის ზრდამ 4,9% შეადგინა.