რომ არა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები, ეკონომიკური ზრდა 2019 წლის ივნისში 1.0-1.2 პუნქტით მეტი იქნებოდა, - ამის შესახებ ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ სოსო არჩვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის პირველ ნახევარში განაგრძობდა დამაჯერებელ ზრდას და 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში ეკონომიკის (მთლიანი შიგა პროდუქტის) მატებამ თითქმის 700 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების ბრუნვა 2019 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 14.5 პროცენტით, რაც რეალურ განზომილებაში (ფასების ზრდის გათვალისწინებით) 9 პროცენტს აღემატება. ეს ეკონომიკაში რეალური სექტორის წილის მზარდი ტენდენციის მაჩვენებელიცაა. ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ ივნისში თითქმის 3.9 ათასს მიაღწია, ანუ საშუალოდ ყოველდღიურად რეგისტრირდებოდა 130 საწარმო. განსაკუთრებით საგრძნობი ზრდა შეინიშნებოდა ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ოპერაციები უძრავი ქონებით; მშენებლობა; ტრანსპორტი; ვაჭრობა; დამამუშავებელი მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება. აღნიშნულ დარგებში იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის 3/5. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ერთერთი მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა მშენებლობამ, რომელსაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა.
პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნებოდა საგარეო ვაჭრობაში. - იანვარ-ივნისში უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სიდიდე გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით შემცირდა 14.2 პროცენტით, მათ შორის ივნისში კიდევ უფრო მეტად - 19.2 პროცენტით (აბსოლუტურ განზომილებაში, შესაბამისად, 398.6 მლნ. ლარით და 90.7 მლნ. ლარით). საგრძნობლად გაუმჯობესდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი: 2018 წლის ივნისის 39.5 პროცენტიდან 2019 წლის ივნისის 44.7 პროცენტამდე (წლის პირველი ნახევრების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებლები შეადგენდნენ, შესაბამისად, 36.1%-ს და 42.3%-ს).
ამასთან, 2019 წლის ივნისის ბოლო დეკადაში განვითარებული ცნობილი მოვლენების ფონზე, პირველად მრავალი თვის მანძილზე არ დაფიქსირებულა ექსპორტის ზრდა - მისი მოცულობა შემცირდა 0.2 პროცენტით. იმპორტში, ასევე, ადგილი ჰქონდა შემცირებას (11.7%-ით). რომ არა ზემოხსენებული ნეგატიური ფაქტორები, ივნისის თვეში ექსპორტის მოცულობა სულ ცოტა, 30 მლნ. აშშ დოლარით მეტი იქნებოდა.
ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანა მომსახურების სექტორის განვითარებამ, მათ შორის ექსპორტის ზრდამ საერთაშორისო ტურიზმის ხაზით. წინა წლის ივნისთან შედარებით მისი მოცულობა გაიზარდა 4.5 პროცენტით და 340 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
ეკონომიკურ ზრდაში თავისი წვლილი შეაქვს საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს. ივნისში 7.6 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 126.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ ნახევრში ამ მაჩვენებელმა თითქმის 700 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (697.2 მლნ. აშშ დოლარი), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7 პროცენტით გაიზარდა და ფაქტობრივად, თავისი მასშტაბურობით, საინვესტიციო დატვირთვაც შეიძინა და შიდა ერთობლივი მოთხოვნის მზარდ კომპონენტადაც ჩამოყალიბდა.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სარგებლობს საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, რაც დადასტურდა როგორც მათ მიერ მირებულ ოფიციალურ დოკუმენტებში, ისე ადგილზე შესაბამისი მისიების მიერ. ამ პირობებში მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის მინიმიზაციისა და ნეგატიური მოლოდინების დაძლევისაკენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ზოგადად არა მარტო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზეც. - რომ არა ზემოხსენებული მოვლენები, ივნისში ეკონომიკური ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი (5.0%) დაახლოებით 1.0-1.2 პუნქტით უფრო მაღალი, ხოლო წარმოებული დოვლათის (მშპ-ის მოცულობა) ფაქტობრივთან შედარებით დაახლოებით 30.0 მლნ. ლარით მეტი იქნებოდა...
ეკონომიკურ ზრდას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო სჭირდება...“, - წერს არჩვაძე.