ლარის გაუფასურების გამო, სემეკის მიერ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა საჭირო გახდება, - ასეთ პროგნოზს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს.
მისივე თქმით, კომუნალური გადასახადების გაზრდა მოქალაქეებისთვის უზარმაზარი დარტყმა იქნება.
“როგორც კვლევები აჩვენებს, მოსახლეობის 40%-ს პერიოდულად ფულის სესხება უწევს იმისთვის, რომ კომუნალური გადასახდები გადაიხადოს. აი, ასეთ მდგომარეობაშია საზოგადოება. ლარის რყევა და გაუფასურება, საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება ისეთი პროდუქტების ფასებზე, რაც პირდაპირ დაარტყამს გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბეს - ეს არის კომუნალური გადასახდები, ბაზისური საკვები, მედიკამენტები. ამ თვალსაზრისით ურთულესი შემოდგომა იქნება, როცა ტვირთი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ჯიბეზე გადავა“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.