საქართველოში სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ერთიანი სისტემის შემუშავების და დანერგვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა პროექტის ძირითადი მიმართულებები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებთან განიხილა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია FAO-ს მხარდაჭერა იმ პრიორიტეტული მიმართულებით, რაც ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებას და სანერგე მეურნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა პროდუქტიულობის ზრდას ნიშნავს. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი, რომლის საწყის ეტაპზეც მრავალწლოვანი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების სტანდარტი შემუშავდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.