კახეთის გზატკეცილზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი - თუ რამე ხარვეზია, გამოსწორდება

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, სათადარგო მონაკვეთებზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის „ბლექსი გრუპის“ გენერალური დირექტორის ამირან მამუჭაძის ინფორმაციით, კომპანია მზად არის არსებული ხარვეზები გამოასწოროს. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შესაბამის ვალდებულებას კონტრაქტის პირობების მიხედვით იღებს, რომლის თანახმადაც „ბლექსი გრუპი“ ვალდებულია სამი წლის განმავლობაში მშენებლობის პროცესში გამოვლენილი დაზიანებები აღმოფხვრას. ამირან მამუჭაძის განმარტებით, აღნიშნულში ის გასაოცარს ვერაფერს ხედავს.

„კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ჩვენ გვაქვს გაკეთებული. პრაქტიკულად ყველა კონტრაქტს ახლავს შესაბამისი ვალდებულებები სამი წლის განმავლობაში. მშენებლობის დროს თუ რამე გამომჟღავნდა, ჩვენი ვალდებულებაა და შესაბამისად, თუ რამე ხარვეზი არის, აბსოლუტურად არ წარმოადგენს პრობლემას და მოხდება გამოსწორება. მანდ ვერაფერს გასაოცარს ვერ ვხედავ. ყოველთვის არის მშენებლობის დროს მსგავსი რაღაც“,-აცხადებს ამირან მამუჭაძე.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარშან კახეთის გზატკეცილის მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო ზოლების რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, დღეს კი კატასტროფული შედეგი დგას. კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ეს კომპანიები საკუთარი სახსრებით სათადარიგო მონაკვეთებს ხელახლა გაუკეთებენ რეაბილიტაციას.