„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ყველა გულშემატკივარს ვარწმუნებთ, რომ პორტი აუცილებლად აშენდება კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციით"

2016 წლის შემდეგ, როცა პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვაში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამარჯვებულად გამოცხადდა, პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მთავრობა ინვესტორს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მუდმივად ხელს უწყობს, - ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, უპრეცედენტო მხარდაჭერის დასტურია ჯერ კიდევ საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებამდე მთავრობის მხრიდან გაცემული თანხმობა 100 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღების შესახებ, რაც ინტერესთა გამოხატვის დროს გათვალისწინებული არ იყო, ასევე გასული წლის დეკემბრიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად, ბანკებსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებებში, მთავრობის უშუალო ჩართულობა.

სამინისტრო აცხადებს, რომ მართებულად არ მიაჩნია ინვესტორის კომერციული რისკების სახელმწიფოს მიერ დაზღვევა, რაც სრულად ეწინააღმდეგება კერძო ინვესტიციის შინაარსს და საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილების პრინციპს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინვესტორს მოუწოდებს, “პროექტის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე პოპულისტური საუბრის ნაცვლად, თავდაპირველად დადგენილი ვადების რამდენჯერმე გადაწევის შემდეგ მაინც მოიძიოს აუცილებელი დაფინანსება და დროულად დაიწყოს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობა“.

“ვარწმუნებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ყველა გულშემატკივარს, რომ პორტი აუცილებლად აშენდება კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციით“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.