„სექტემბერში უკვე შესაძლებელი იქნება აკური-ალმასიანის კვეთაზე გაცემული იყოს მშენებლობის ნებართვა"

სექტემბერში უკვე შესაძლებელი იქნება აკური - ალმასიანის ქუჩების კვეთაზე გაცემული იყოს მშენებლობის ნებართვა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, თბილისის მერიის წინ გამართული აქციის მონაწილეების პროტესტს.

ბოლოთაშვილის თქმით, ამ პროცესში საჭიროა საკრებულოს ჩართულობაც, რის გამოც მშენებლობის ნებართვის გაცემა სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი, რადგან აგვისტოს თვეში საკრებულოში სხდომა არ ჩატარდება.

„ეს ტერიტორია მდებარეობს სპორტის სასახლის უკან. მოცულობა, რაც იყო განსაზღვული იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომ იქ შეჩერებული მშენებლობა დასრულებულიყო, იმდენად კატასტროფულად დიდია, რომ გამოიწვევს აღნიშნული ტერიტორიის კიდევ უფრო გადატვირთვას, შეუძლებელს გახდის ფაქტობრივად აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებას და ნორმალური და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან, რომ გარკვეული მიწის ნაკვეთის ნაწილი გაცვალოს სხვა ტერიტორიაზე, კონკრეტულად ნუცუბიძეზე არსებულ ტერიტორიაზე და აკური-ალმასიანის კვეთაზე აშენდეს ბევრად ნაკლები მოცულობის კორპუსი, ვიდრე ეს იყო თავდაპირველად განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი მოცულობა აშენდეს ნუცუბიძეზე, რაც მისაღები იყო მოქალაქეებისათვის და ინვესტორისათვის და ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამიჯვნის პროცესი. დაახლოებით ორი კვირის უკან, თავად ჰქონდათ მესაკუთრეებს პრობლემა მიწის თანხმობის აღების კუთხით და ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებოდით გამიჯვნის პროცესს, გამიჯვნა განხორციელებულია. ქონების მართვის სააგენტო იწყებს მონაცვლეობის პროცესს, ნახევარი მიწის წამოღების აკური- ალმასიანის კვეთაზე და ამის სანაცვლოდ ნუცუბიძეზე კონკრეტული მიწის ნაკვეთის გადაცემის პროცესს. რაც შეეხება ნუცუბიძის ქუჩას, მოცულობებს გადავანაწილებთ ისე, რომ არ შეიზღუდოს მოქალაქეების ინტერესი და ყველა დაზარალებულმა მიიღოს თავისი კუთვნილი ფართი.

რაც შეეხება მოსახლეობასთან და ინვერსტორთან კომუნიკაციას, არანაირი პრობლემა არ არსებობს, ამ კვირაშიც შევხვდით, წინა კვირაშიც და ამ ეტაპზე გაუგებარია გამოხატვის ეს ფორმა მათი მხრიდან. პროცესი მაქსიმალურად სწრაფად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე თავად ჩვენ ველოდებოდით მათ მიწის ნაკვეთის გამიჯვნას. ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სცენარი, ნუცუბიძეზე რას ვაძლევთ და რა მოცულობაა შეთანხმებული აკური ალმასიანზე, მანამდე ჩვენ თავს ვიკავებთ აკურზე მშენებლობის ნებართვის გაცემისგან. დაახლოებით ერთ თვეში განხორციელდება მონაცვლეობის პროცესი, ასევე შეჩერებული მშენებლობის კომისიაში ჩვენ პარალელურად ვიმსჯელებთ ნუცუბიძეზე კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრის კუთხით და იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროცესში საკრებულოს ჩართულიბაც იქნება საჭირო და აგვისტოში ჩვენ სხდომა საკრებულოში არ გვექნება, ეს პროცესი გადაიდება სექტემბრისთვის. სექტემბრის თვეში შესაძლებელია უკვე აკური ალმასიანის კვეთაზე გაცემული იყოს მშენებლობის ნებართვა,”- განაცხადა ბოლოთაშვილმა.