მაია ცქიტიშვილი - დაინტერესებული ვართ, რომ ის დრო და ძალისხმევა, რაც მთავრობამ, დონორებმა და კონსორციუმმა ანაკლიის პროექტში ჩავდეთ, არ დაიკარგოს

„ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განახორციელოს „თიბისი-ანაკლია ჰოლდინგმა“ და მისი გაიგივება „თიბისი ჯგუფთან“ ან „თიბისი ბანკთან“, მართებული არ იქნება,“ - ამის შესახემ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა, რომ კონსორციუმმა პოლიტიკური სპეკულაციებისა და არაკონსტრუქციული პროცესის ნაცვლად, თავისი ვალდებულებები შეასრულოს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა. სტრატეგიულად, გლობალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, ამ პროექტში ამერიკული და ქართული ინვესტიცია მისასალმებელია.

„რაც შეეხება შეკითხვას - აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი, არაერთხელ გაეცა პასუხი, მათ შორის მაღალი ტრიბუნიდან და გავიმეორებ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წარმატებით გაართვას თავი აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ის დრო და ძალისხმევა, რაც მთავრობამ, დონორებმა და კონსორციუმმა ამ საქმეში ჩავდეთ, არ დაიკარგოს და არსებულმა ინვესტორმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება, ამისთვის კი პოლიტიკური სპეკულაციების და არაკონსტრუქციული პროცესის ნაცვლად, საჭიროა კონსორციუმმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.