შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაგანაცხადა.
მინისტრის თქმით, დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული, რაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
“ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის შეფასებას, რომ ლარი დღეს ზედმეტადაა გაუფასურებული და ამას აქ წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს, სადაც ჩანს გაცვლითი კურსი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. დინამიკა აჩვენებს რამდენადაა გამყარებული ან გაუფასურებული ლარი. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება. ლარი წამოვა ქვემოთ - ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერი ნეიტრალური, საშუალო დონის ექსპერტი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის, ვერ მოიტანს ვერც ერთ მაგალითს ფისკალურ ან მონეტარულ პოლიტიკაში, რამაც ვალუტის გაუფასურებას ხელი შეუწყო.
“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა "იმედის" ეთერში.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.