ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის ელგუჯა მექვაბიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარის გაყიდვის შესახებ, დაგვიანებულია.
როგორც მექვაბიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს თავიდანვე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ლარის დოლართან თანაფარდობა 1:3-ს მიაღწევდა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვი იმისთვის აქვს, რომ საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით გამოიყენოს და არა მაშინ, როცა სიტუაცია კატასტროფული გახდება.
“ლარის გაუფასურება პირველად 1998 წლის სექტემბერში მოხდა. მაშინ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კრიზისი დაიწყო, გადავიდა რუსეთში, რუსეთის კრიზისი ჩვენთან შემოვიდა და სავალუტო ბაზარს დაარტყა. პირველი შოკი მაშინ იყო. მაშინ ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ მიიღო ინტერვენციის განხორციელების ანუ დოლარის გაყიდვის გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ სავალუტო ბაზარზე ძალიან ბევრი დოლარი გაიყიდა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ძალიან შემცირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. დღევანდელი სიტუაციაც არის რთული, მწვავე და იმ სიტუაციის ანალოგიური, რაც საქართველოს სავალუტო ბაზარზე მოხდა. მიმაჩნია, რომ აუცილებლად საჭირო იყო ინტერვენციების განხორციელება ანუ დოლარის გაყიდვა. ეს თავიდანვე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ლარის დოლართან თანაფარდობა 1:3-ს მიაღწევდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - განაცხადა ელგუჯა მექვაბიშვილმა.
ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი ასევე განმარტავს, რომ ლარის სტაბილურობას ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა განსაზღვრავს, დღეს კი, ეკონომიკას ძალიან უჭირს და ამ მხრივ, ცუდი მდგომარეობაა.
“ლარის ცუდი მდგომარეობა ეკონომიკაში არსებული ცუდი მდგომარეობის ანარეკლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა არ გამოიყენოს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ლარის გაუფასურებას კატასტროფული ხასიათი არ მიეცეს. ეროვნულ ბანკს ამის რეზერვი, რესურსი და ინსტრუმენტები აქვს, მაგრამ მას რატომღაც დაჩემებული აქვს პრინციპი, რომ პასუხს ინფლაციაზე აგებს და არა ლარის კურსის სიმყარეზე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს მიდგომა არასწორია. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი 3-მილიარდზე მეტია. რაც უფრო მეტია, კარგია, მაგრამ სავალუტო რეზერვი იმისთვის გაქვს, რომ საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით გამოიყენო და არა მაშინ, როცა სიტუაცია კატასტროფული გახდება. ან რას ნიშნავს, რომ გვაქვს ლარის მცურავი კურსი?! მცურავი კურსი იმას არ ნიშნავს, რომ თავის ნებაზე მიუშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ კურსი შიგა და შიგ, გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენების გზით არეგულირო. ეს რეგულირებადი მცურავი კურსია და არა სრულიად თავისუფალი მცურავი კურსი“, - განაცხადა ელგუჯა მექვაბიშვილმა.