კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩები A ზონას განეკუთვნება, სადაც ავტომობილის გაჩერება ერთი საათით 1 ლარი ეღირება. 15 წუთის განმავლობაში კი პარკირება უფასო იქნება. პარკირება უფასოა ასევე აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები პირებისთვისაც.

საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია და ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღო.

პროექტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს, რომლის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალში იმუშავებენ და მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ როგორც საპარკინგე სივრცეებში, ისე, სწრაფი გადახდის აპარატებთან. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციითაც, რომელიც ნებისმიერი ტიპის სმარტფონზეა მორგებული.

ზონალური პარკირება დაყოფილია სამ A,B,C ზონებად. ამ დროისთვის ზონალური პარკირება საპილოტე რეჟიმში მხოლოდ კიტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოქმედებს.