ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.
„2019 წლის პირველი კვარტალის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) წლიური ზრდა 4.9% იყო, ხოლო მეორე კვარტალში ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5% შეადგინა. მიუხედავად ბოლო პერიოდში გამოკვეთილი რისკებისა, 2019 წლის პირველ ნახევარში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად გაზრდილი საგარეო მოთხოვნით იყო განპირობებული. თუმცა, ფისკალური ხარჯების გააქტიურებისა და სესხების ზომიერი ზრდის მიუხედავად, სუსტი იყო მოხმარების ზრდა და ინვესტიციები. ამდენად, წინა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის შემცირების რისკები კვლავ სახეზეა.
გამოკვეთილი საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019-2020 წლების რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვარტალში დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური დეფიციტის ზომა მეტ რისკს შეიცავდნენ, მიმდინარე პერიოდში აღნიშნული რისკები საგარეო სექტორმა ჩაანაცვლა. საბაზო პროგნოზი ითვალისწინებს იმ დაშვებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეზღუდვა, ტურიზმის სექტორის გავლით, ერთობლივ მოთხოვნას დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარს მოაკლებს.
აღნიშნულის მიუხედავად, პროგნოზის მიხედვით, მშპ–ს ზრდაში წმინდა ექსპორტი კვლავ დადებით, თუმცა უფრო მოკრძალებულ, წვლილს შეიტანს. წმინდა ექსპორტის დადებითი წვლილის შენარჩუნების მიზეზია 2019 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის მკვეთრი გაუმჯობესება. გარდა ამისა, ზომიერი საკრედიტო ზრდისა და ბიუჯეტის ხარჯების ფონზე, პროგნოზის მანძილზე, პოზიტიური წვლილი ექნება ასევე მოხმარებასა და ინვესტიციებს. განახლებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა პოტენციური დონიდან (რომელიც მიმდინარე შეფასებით 1%-ის ფარგლებშია), მოკლევადიან პერიოდში მცირედით გაღრმავდება. თუმცა მოსალოდნელია, რომ გამოშვების გაპი1 მომდევნო წლიდან კვლავ დაიწყებს აღმოფხვრას და 2021 წლისთვის დაიხურება,“-აღნიშნულია ანგარიშში.