რომან კაკულია ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი დოლარის გაყიდვაზე - თუ დღეს ჩათვალეს საჭიროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩარევა დროულია

ძალიან კარგია ეს დღევანდელი ჩარევა, ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესიც იყო ადრე, მაგრამ ისინი კომპეტენტური ადამიანები არიან, თუ დღეს ჩათვალეს საჭიროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩარევა დროულია, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული ინტერვენციის, 40 მილიონი დოლარის გაყიდვის კომენტირებისას განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ბანკს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ინფლაციის პრევენციას და არა მასზე დეფაქტო რეაგირებას. ჩარევისთვის სწორი მომენტის შერჩევა ნიშნავს, რომ პრევენციას აკეთებ ინფლაციის. ძალიან კარგია ეს დღევანდელი ჩარევა, ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესიც იყო ადრე, მაგრამ ისინი კომპეტენტური ადამიანები არიან. თუ დღეს ჩათვალეს საჭიროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ დროულია ეს ჩარევა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულიას თქმით, ინტერვენციით ეროვნულმა ბანკმა „ტემპერატურა დაწია".

მან ლარის გაუფასურების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება ცალსახად ერთ კომპონენტს არ უკავშირდება.

„სამი შემადგენელი ჰქონდა ამ ეტაპზე ლარს, ეს იყო ტრადიციული ხარვეზი ან გარკვეული იმუნიტეტი, რომელიც ზოგადად ჩვენს ეკონომიკას აქვს. დინამიკაში როდესაც ხდებოდა ასეთი ტიპის რყევები, ცხადია ეს მიანიშნებდა ეკონომიკის ისეთ მდგომარეობაზე, როგორშიც ახლა ვართ. იყო მერე 20 ივნისის ღამის მოვლენები. მე რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ მომიტინგეებს უნდა დავაბრალოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის თავში დუბინკის ჩარტყმამ გავლენა მოახდინა, რადგან ეს გარესამყარომ აღიქვა, რომ თუ რუსული ოკუპაციის გაპროტესტება იმ ფორმით ხდება, რომ პოლიციელებს თავში დუბინკებს ურტყამენ, მაშინ ტურისტებს რას უზამენ“, - განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ექსპორტის ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა ერთ თვეში ვერც მოქმედი და ვერც სხვა ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება.