ნავთობკომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დაკავებულია, ერთ-ერთი მფლობელის წილს კი სასამართლომ ყადაღა დაადო. განჩინების თანახმად, საუბარია, „ფრეგოს“ მფლობელის ნინო გიორგობიანის 75.5%-იან წილზე. ასევე, დაყადაღებულია სოფელ ჯუგაანში მდებარე უძრავი ნივთი და საბანკო ანგარიშები. როგორც ცნობილია, თოფჩიშვილს დღგ-ის ყალბი ანგარიშგებების საქმეში მონაწილეობას ედავებიან.
კომპანია „ფრეგო” 2013 წლის 20 მარტს დაარსდა, მისი სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაა. კომპანიას ჰყავს ორი შვილობილი - შპს „ფრეგომარტი“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ფონდი ფრეგო, რომლებშიც ფლობს წილის 100%-ს. კომპანიას მართავს პარტნიორთა საერთო კრება და დირექტორატი. კომპანიის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს ბიზნესპოლიტიკას და ნიშნავს დირექტორატს, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
„ფრეგოს“ 2017 წლის ანგარიშგების მიხედვით, კომპანია საქართველოში ნავთობის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. მისი 75%-იანი წილის მფლობელი არის დაკავებული გიორგი თოფჩიშვილის მეუღლე ნინო გიორგობიანი, 24,5%-ს კი კობა ადამაშვილი ფლობს.
კომპანიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ფრეგოს” აქტივების მოცულობა 11,542 მლნ ლარს შეადგენს, კომპანიის შემოსავალი კი წლის განმავლობაში 74, 172 მლნ ლარი იყო. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, „ფრეგომ“ 2017 წელი 2,450 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.
ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ნოემბერს კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ზარალიანი ავტოგასამართი სადგურების დახურვას, ადმინისტრაციული თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაციას და საიჯარო ქირების შემცირებას. ამ ყველაფრის შედეგად კი, დაიხურა 26 ავტოგასამართი სადგური და 19 ერთეულით შემცირდა ადმინისტრაციულ თანამშრომელთა რაოდენობა.
„ასევე ოპტიმიზაცია გაუკეთდა ავტოგასამართ სადგურებზე მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობას. შედეგაც, 2018 წლის დეკემბრიდან კომპანია გავიდა წმინდა მოგებაზე. მოგებით დასრულდა ასევე 2019 წლის იანვრის თვეც“,- აღნიშნულია ანგარიშში.