მართვის ყველაზე გავრცელებული 5 შეცდომა

მენეჯერები უშვებენ შეცდომებს – ეს მათი სამუშაოს ნაწილია. ბუნება გვიჩვენებს, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ. ეს მარტო თქვენ, მენეჯერს კი არა, არამედ ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს ეხება. დროდადრო ყველა უშვებს შეცდომას. ასე რომ, ჩვენი აზრით, უნდა მოვუწოდოთ თანამშრომლებს, გარისკონ, სამუშაოს შესრულებისას ახალი, ინოვაციური მიდგომები გამოიყენონ, რამაც, შესაძლოა, მომსახურების გაუმჯობესება, ხარჯების შემცირება, შემოსავლებისა და მოგების გაზრდა და სხვა დადებითი შედეგები მოგვიტანოს.

ამ სტატიაში მოცემულია ხუთი ხაფანგი, რომელთა მსხვერპლი შეიძლება გახდეს როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი მენეჯერი.

1. თანამშრომლებს არ უსახავთ მკაფიო მიზნებსა და მოლოდინებს

საქმის ეფექტური შესრულება მკაფიო მიზნებიდან იწყება. თუ თანამშრომლებს მიზნებს არ დაუსახავთ, თქვენს ორგანიზაციას მიმართულება არ ექნება და თქვენი თანამშრომლები გამოწვევების გარეშე დარჩებიან. აქედან გამომდინარე, თანამშრომლების მოტივაცია მხოლოდ სამსახურში გამოცხადება და ხელფასის აღება იქნება.

თანამშრომლების მიზნები მომავლის ხედვით იწყება. დაუსახეთ მათ რეალური, მისაღწევი მიზნები, რაც მათ ძალისხმევას ორგანიზაციის წარმატებული მომავლისკენ მიმართავს.

მნიშვნელოვანია, რომ მიზნები და მოლოდინები თანამშრომლებთან ერთად დასახოთ. იქნებ საპირისპირო მოსაზრებაზე ბევრს ლაყბობდნენ, მაგრამ ცხადია, რომ, მიზნების დასახვა არ არის ცალმხრივი პროცესი, ის ყოველთვის ინტერაქტიური, ორმხრივი დისკუსიის ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს, რათა გათვალისწინებული იყოს როგორც მენეჯერის ინტერესები და საჭიროებები, ისე თანამშრომლებისაც.

2. მარცხი დელეგირებისას

ზოგი კვლევა მენეჯერის მარცხის უპირველეს მიზეზად „დელეგირების უუნარობას“ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მენეჯერი ცდილობს საწინააღმდეგოს დამტკიცებას, ყველა საქმეს მხოლოდ თქვენ ვერ შეასრულებთ. რომც შეძლოთ ყველაფრის თქვენ თვითონ გაკეთება, ეს არ იქნება მენეჯერის დროისა და ნიჭის ეფექტური გამოყენება.

თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ შედეგების ყურადღებით ნახვა, დელეგირება არ ნიშნავს, რომ დავალება შესრულებულია. საბოლოოდ მაინც თქვენ ხართ პასუხისმგებელი სამუშაოს შესრულებაზე. დელეგირების შემდეგ შეადგინეთ სამუშაოს შესრულების გეგმაზომიერი ეტაპები, რათა თქვენც და თანამშრომლებმაც იცოდეთ, რომ გეგმის მიხედვით მოქმედებთ.

3. კომუნიკაციის ნაკლებობა

ზოგჯერ თანამშრომლებმა არ იციან, რა ხდება ორგანიზაციაში. ინფორმაცია ძალაა და ზოგი მენეჯერი არასწორად იყენებს მას. კონკრეტულად კი, აკონტროლებს ინფორმაციას იმის დასამტკიცებლად, რომ ორგანიზაციაში ყველაზე მცოდნე და დასაფასებელი პიროვნება თვითონ არის. ზოგი მენეჯერი ერიდება საზოგადოებასთან ურთიერთობას, განსაკუთრებით უარყოფით საკითხებზე. ხშირად მენეჯერები მოუცლელობის გამო ვერ ახერხებენ თანამშრომლებთან კომუნიკაციას. ისინი არ ცდილობენ, მიმდინარე საკითხებზე ინფორმაცია გადასცენ თანამშრომლებს. ინფორმაციას უფრო მაღალი რანგის მენეჯერებს უზიარებენ და თანამშრომლები „ავიწყდებათ“.

თანამედროვე ორგანიზაციის კეთილდღეობა – განსაკუთრებით დიდი ცვლილებების პერიოდში, რაც დღეს ნორმა გახდა – დამოკიდებულია ინფორმაციის ფართოდ გავრცელებასა და კომუნიკაციაზე. თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რათა შეძლონ საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება ორგანიზაციის ყველაზე დაბალ დონეზე, სწრაფად და მაღალი რგოლის მენეჯერების თანხმობის გარეშე.

4. თანამშრომლების წარმატების აუღიარებლობა

ყველაზე არასწორი მიდგომა მენეჯერების მხრიდან თანამშრომლების წარმატებების აუღიარებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერების უმრავლესობა თანხმდება თანამშრომელთა დაჯილდოების დიდ მნიშვნელობაზე, მათ ან არ იციან, როგორ გააკეთონ ეს, ან მონდომება და დრო არ ჰყოფნით ამისთვის.

ბევრ ორგანიზაციაში ხელფასების მომატება, პრემიები და დაწინაურება აღარ ითვლება მთავარ მოტივატორებად. თუმცა, თანამშრომლების წარმატებების აღიარებისთვის სხვა ბევრი გზა არსებობს, რაც ნაკლებ დროს მოითხოვს, ადვილად შესასრულებელია და უმნიშვნელო ან საერთოდ არანაირი თანხა არ დაგიჯდებათ. თუმცა ყველაზე ეფექტური დაჯილდოება – წერილობით მადლობის გადახდა თანამშრომლებისთვის – თანხებთან არ არის დაკავშირებული. ნამდვილად არ შეიძლება ისეთი დაკავებული იყოთ, რომ ვერ მოახერხოთ ერთი-ორი წუთის გამონახვა თანამშრომლების მიღწევების აღიარებისთვის. ამის შედეგად, სამუშაოთი მათი კმაყოფილება, შრომის ხარისხი და ერთგულება ნამდვილად გაუმჯობესდება.

5. ცვლილებებმა არაფერი გვასწავლა

მენეჯერების უმეტესობა მიჩვეულია წარმატებებს. თავიდან მათ ბევრი სწავლა დასჭირდათ, რომ ამ წარმატებებისთვის მიეღწიათ. ზოგიერთი მათგანი რიგითი თანამშრომელი იყო და სწორედ წარმატებებით მიაღწია მენეჯერობამდე. თუმცა, ასეთ მენეჯერებს მერე ხშირად ერთი საშინელი დაავადება ემართებათ – გართულებული ურთიერთობები. როცა რიგითი თანამშრომლები მენეჯერები ხდებიან, მათ სურთ, ყველაფერი თავიანთ ჭკუაზე გააკეთონ.

წარმატებული მენეჯერები საუკეთესო გზებს პოულობენ საქმეების გასაკეთებლად და მიზნების დასაძლევად, შემდეგ კი ხვეწენ მეთოდებს ბიზნესის კეთების ეფექტური მიდგომების დასანერგად. ეს მეთოდები დიდებულია, სანამ ორგანიზაციის ბიზნესგარემო არ შეიცვლება. მაგრამ, როდესაც ეს მოხდება, თუ მენეჯერი ახალ გარემოს არ მოერგო, ანუ ახლებური მიდგომები არ ისწავლა, ორგანიზაცია კრიზისს განიცდის.

ეს მდგომარეობა, შესაძლებელია, რთული აღმოჩნდეს მენეჯერისთვის, რომელსაც ბიზნესსაქმიანობის თავისებური, წარმატებული გზა აქვს ნაპოვნი. ქარიშხალში მყარად მდგომი მენეჯერის მოდელი დღეს აღარ არის მისაღები. თანამედროვე მენეჯერები ბიზნესგარემოს ცვლილებების შესაბამისად იცვლებიან. მათ მუდმივი სწავლა, ექსპერიმენტები და ახალი მეთოდების ძიება უხდებათ. თუ მენეჯერი არ მოერგო შეცვლილ გარემოს, ის განწირულია.

ეს არის ამონარიდი წიგნიდან „მართვა მარტივად“, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებშია გამოცემული.

აგვისტოს განმავლობაში „ბიბლუსის“ ქსელში შეგიძლიათ ისარგებლოთ 60%-იანი ფასდაკლებით სერიაზე „მარტივად“.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bit.ly/MartivadSale