დაბალბიუჯეტიანი ფრენების ირლანდიური კომპანიის Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლიარიმ მის კომპანიაში დასაქმებულები გააფრთხილა, მოემზადონ სამსახურის დაკარგვისთვის. საუბარია 900 პილოტისა და მომსახურე პერსონალის დათხოვნაზე.
ვიდეო მიმართვაში კომპანიის ბოსი განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება, თუმცა კონკრეტულ თარიღზე არაფერი უთქვამს. მიზეზებზე საუბრისას კი მან მომავალ ზაფხულს ფრენების შემცირება დაასახელა, რაც პირველ რიგში Boeing 737 Max-თან დაკავშირებულ პრობლემებს დაუკავშირა. მიზეზებად ასევე მოგების შემცირება, საწვავის მაღალი ფასები და „ბრექსიტი“ დაასახელა.
„გამოწვევებით სავსე ზაფხულია, ძალიან რთულ ზამთარს ველოდებით. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მოგვიწევს ფრენებისა და თანამშრომლთა შემცირება, არა მხოლოდ 2020-ის ზაფხულისთვის, არამედ 2019 წლის ზამთრისთვისაც“, - განაცხადა მან ვიდეო მიმართვაში.