ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოში ამერიკული გამოცემა Cool hunting-ის რედაქტორმა იმოგზაურა

ამერიკული სამოგზაურო და დიზაინის ჟურნალი Cool hunting საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, Cool hunting-ის რედაქტორი დევიდ გრეივერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა. დევიდ გრეივერმა თბილისში ერთი კვირა გაატარა და სტატიაში დეტალურად აღწერა საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები.

„თბილისი ტურისტებს მდიდარი ისტორიით და სტუმართმოყვარეობით იზიდავს. საქართველოს დედაქალაქიდან კავკასიონის მთებამდე რამდენიმე საათის სავალია. აქედან შორს არ არის შავი და კასპიის ზღვა. ევროპასა და აზიას შორის მოქცეული თბილისი თავისი მდებარეობით აბრეშუმის გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტებს თბილისში მრავალფეროვანი მიმართულებების სანახავად ეპატიჟება. ეს არის კულინარიული თავგადასავლები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ა.შ.

7 დღის განმავლობაში თბილისში სხვადასხვა ადგილი დავათვალიერე. მოვინახულე ბოტანიკური ბაღი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, გავეცანი საქართველოს დედაქალაქის კლუბურ ცხოვრებას“, - აღნიშნავს რედაქტორი სტატიაში.

სტატიაში აღწერილია თბილისის ძველი უბნები, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ეროვნული მუზეუმი და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ კულინარიას.