„ლარი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკური სუბიექტია საქართველოში - ის ასახავს იმ სნეულებებს, რაც სჭირს ჩვენ ეკონომიკას“

ბოლო პერიოდში ლარი ფაქტობრივად, ყოველდღიურად მორიგ ანტირეკორდებს ამყარებდა. თუმცა, გუშინ, მას შემდეგ, რაც სებ-ის სავალუტო აუქციონზე 32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ეროვნული ვალუტა ერთბაშად 4.22 თეთრით გამყარდა.

პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები პრემიერ-მინისტრის ფაქტობრივ მოწოდებას მოყვა, რაც არასწორი და შეცდომაა, რადგან გამოვიდა, რომ საბანკო ხელისუფლება სამთავრობოს ემორჩილება. ამის შესახებ პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„თვითონ ეროვნული ბანკი უნდა ხვდებოდეს, შეიძლება თავიდან უფრო ნაკლები ყოფილიყო დასახარჯი, რომ ეს პანიკა ასე არ განვითარებულიყო და არა ის განცხადება მათი მხრიდან, რომ „ამაში არ ჩავერევით“ და უკვე წლებია ამას იმეორებენ.

რაც შეეხება იმას, თუ რა სჭირს ლარს, მინდა ვთქვა, რომ ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკური სუბიექტი საქართველოში არის ლარი. ლარი ძალიან კარგად ასახავს იმ ფუნდამენტურ პრობლემებს, იმ სნეულებებს, რაც სჭირს ჩვენ ეკონომიკას. სწორედ ფუნდამენტური პრობლემაა, რომ განუვითარებელია რეალური წარმოება ქვეყანაში, რომ იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს. ჩვენ ვიქეცით მომხმარებელ და არა მწარმოებელ ერად,“-აღნიშნა პაპავამ.

თაია არდოტელი