Facebook-მა დააფინანსა კვლევა, რომლის მიზანიც ისეთი ალგორითმის შექმნაა, რომელიც ტვინის მიერ გამომუშავებულ ტალღებს სიტყვებად გარდაქმნის. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
New Atlas-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებაში ჩართულები იყვნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ედი ჩანგი და დევით მოსი. აღნიშნული კვლევის მიზანი შეზღუდული უნარების მქონე პაციენტების დახმარება გახდა.
„ჯანმრთელი ადამიანებისთვის, ფიქრების სიტყვებად გარდაქმნისა და სხვა ადამიანებისთვის გაზიარების პრობლემა არ არის, თუმცა მათთვის, ვისაც დაზიანებული აქვს ზურგის ტვინი ან თავის ტვინი, საუბრის უნარის შეზღუდვა დიდ სირთულეს წარმოადგენს“, -წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, შესაბამისი ტექნოლოგიის განვითარება ფოკუსირებულია, ადამიანებს თავიანთი ხმა უკან დაუბრუნოს. 2006 წელს მეცნიერებმა წარმოადგინეს ტექნოლოგია Mental Typewriter, რომელიც ტვინის სიგნალების კლავიატურაზე კონვერტაციას ახდენდა. ამის შემდეგ კი ტექნოლოგიის განვითარების პირობა დადეს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კი, როგორც თავად აღნიშნავენ, ეს ტექნოლოგია პირველებმა წარმოადგინეს. თავდაპირველად, ტექნოლოგიას კვირები და თვეები სჭირდებოდა იმისთვის, რომ ტვინიდან გამომუშავებული სიგნალები სიტყვებად გარდაექმნა. ახლა კი, როგორც მკვლევარები განმარტავენ, ტექნოლოგიას შეუძლია, სიგნალების დეკოდირება რეალურ დროში, საუბრის პარალელურად განახორციელოს.
ახალი კვლევა სამ მიმართულებას მოიცავდა. მკვლევარებმა ახალი ტექნოლოგია 9 მოხალისეზე დატესტეს. პაციენტებს, რომლებსაც მიღებული დაზიანებებისგან სახე პარალიზებული აქვთ, სახეზე მიმიკის შეცვლა ან პირის გამოძრავება და მიმიკის შეცვლა არ შეუძლიათ. ტვინის უბნები ამ უნარის შეზღუდვის გამო ხშირად, გამოუყენებელი ხდება, მეცნიერები კი სწორედ ამ მიმართულებით განვითარებაზე მუშაობენ.
მოხალისეებს დაუსვეს მარტივი შეკითხვები: „რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს?“, „ახლა რა მდგომარეობაშია შენი ოთახი?“, ალგორითმის დახმარებით, 24 წინასწარ განსაზღვრული პასუხიდან ერთ-ერთი უნდა განსაზღვრულიყო, რომელიც კითხვის შესაბამისი იქნებოდა და რომელიც მოხალისეების ტვინმა განსაზღვრა.
ჯერჯერობით, სიტყვებისა და პასუხების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა მეცნიერები ალგორითმის განვითარებასა და სიტყვების რაოდენობის ზრდას აპირებენ.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა