აშშ-ის პრეზიდენტობის ოცზე მეტ დემოკრატ კანდიდატს შორის, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ჯერ პარტიის შიგნით, მოგვიანებით კი მის ფარგლებს გარეთ იბრძოლებენ, 62 წლის მილიარდერი ტომ სტეიერიცაა. მან საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ განცხადება საკმაოდ დაგვიანებით - 9 ივლისს გააკეთა.
როგორც სტეიერმა განაცხადა, მისი საინფორმაციო კამპანია ორიენტირებული იქნება პოლიტიკაზე, კორპორაციების ზეგავლენის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ვინ არის ტომ სტეიერი და საიდან აღმოჩნდა ის პოლიტიკაში?
სტეიერი 1957 წლის ივნისში იურისტისა და ჟურნალისტის ოჯახში დაიბადა. ის ნიუ-იორკში გაიზარდა. სტეიერმა იელის უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის კურსი სტენფორდში გაიარა.
სტეიერი 1986 წელს სან-ფრანცისკოში საცხოვრებლად გადავიდა და მალევე საკუთარი საინვესტიციო ფირმა - Farallon Capital Management-ი დააფუძნა, რომელიც ცნობილი საინვესტიციო ფირმა Hellman & Friedman-ის სან-ფრანცისკოს ოფისის პარტნიორი გახლავთ.
ორი ინვესტორის დახმარებით ტომმა ახალი ფონდის მართვა დაიწყო, რომლის საწყისი ინვესტიცია 9 მილიონი აშშ დოლარი იყო. წლების შემდეგ სტეიერმა ინვესტორებს ორნიშნა მოგება მოუტანა და ფონდის ინვესტიციები 36 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.
ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე ტომ სტეიერმა 1.6 მილიარდის ღირებულების ქონება დააგროვა. თუმცა, 2012 წელს სტეიერმა საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, რათა, მისივე განმარტებით, მთელი თავისი დრო ქველმოქმედებისა და პოლიტიკისთვის დაეთმო.
სტეიერი ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საფონდო თანხების გაზრდაში მნიშვნელოვანი ძალა გახლავთ. მან 2013 წელს პოლიტიკური არაკომერციული ორგანიზაცია NextGen America ჩამოაყალიბა, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, არჩევნებთან, კლიმატის ცვლილებებთან, იმიგრაციასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მილიონობით დოლარია დახარჯული.
სტეიერი აცხადებს, რომ მან 2018 წლის არჩევნებზე 120 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, ხოლო 2016 წლის არჩევნებზე, როდესაც ის „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს - 90 მილიონი აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ის მილიონობით ამერიკელის ანტი საპრეზიდენტო პროტესტს შეუერთდა და მათ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა.
რთულია, სტეიერის შანსებზე ამ ეტაპზე დაზუსტებით საუბარი, თუმცა ერთი რამ ექსპერტებმა დანამდვილებით იციან, მილიარდერი კანდიდატი წარმატებისთვის საკუთარ ფულს არ დაიშურებს.
აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2020 წლის თებერვალში დაიწყება. აშშ-ს პრეზიდენტის 59-ე არჩევნები კი 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.
მოამზადა თამუნა ტაბატაძემ