Business Insider-ი ყველაზე წარმატებული ადამიანების ყოველდღიური საკითხავის შესახებ წერს.
მათი ინფორმაციით, მილიარდერი ინვესტორი უორენ ბაფეტი დღის 80%-ს კითხვაში ატარებს. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ნიუსების დაუკმაყოფილებელი მკითხველია, რომელიც ყოველ დილით 06:00 საათზე იღვიძებს, მაშინვე საინფორმაციო გამოშვებას რთავს, გაზეთებს კითხულობს (New York Post, New York Times, Wall Street Journal). Associated Press-ის ინფორმაციით, ის კონსერვატიულ გამოცემა Breitbart-საც ყოველ დილით ეცნობა.
Business Insider-მა შეადგინა იმ რესურსების სია, რომელთაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები ყოველ დილით ეცნობიან:
უორენ ბაფეტი - მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორი
ბაფეტი დილას ეროვნული და ადგილობრივი ახალი ამბებით იწყებს. როგორც მილიარდერმა CNBC-ს განუცხადა, დილაობით ის Financial Times-ს, USA Today-ს, Omaha World-Herald-სა და American Banker-ს კითხულობს.
დონალდ ტრამპი - აშშ-ს პრეზიდენტი
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც წესი, ბეჭდურ მედიას არჩევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი წიგნებს რეგულარულად არ კითხულობს, ინფორმაციას ძველმოდური გზით - ბეჭდური მედიით იღებს. Politico-ზე დაყრდნობით, მისი თანამშრომლები New York Post-ისა და New York Times-ის სტატიებს აგროვებენ და ზოგიერთ მასალებს ამობეჭდავენ კიდეც, რომ დონალდ ტრამპი გაეცნოს. დონალ ტრამპს კითხვისას ხაზების გასმა, შემოხაზვა და ზოგადად, აღნიშვნების გაკეთება უყვარს.
Business Insider-ის ინფორმაციით, იმისათვის, რომ კონკრეტული სტატია პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს, მისი მდივნის ოფისი უნდა გაიაროს, შემდეგ კი ტრამპის ახალი ამბების სიას ემატება. მნიშვნელობა არ აქვს, რას კითხულობს პრეზიდენტი, ეს მასალები ძირითადად, მას ეხება ხოლმე, - წერს გამოცემა Reuters.
“როდესაც საქმე ეხება ბრიფინგებს, თანაშემწეები მის გვარს რამდენადაც ხშირად არის შესაძლებელი, აუცილებლად მოიხსენიებენ, რადგან კითხულობს იმ შემთხვევაში, თუ მას ახსენებენ“, - წერს გამოცემა.
მარკ ცუკერბერგი - Facebook-ის დამფუძნებელი
ალბათ, არავის გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ მარკ ცუკერბერგი დღეს Facebook-ზე იწყებს. როგორც თვითონ ცუკერბერგი განმარტავს, პირველი, რასაც ლოგინიდან ადგომამდე, აბაზანის მიღებამდე და კონტაქტური ლინზების ჩასმამდე აკეთებს, ტელეფონის შემოწმებაა.
მისი თქმით, დღეს იწყებს Facebook-ით, - „მომწონს, როცა ვიცი, რა ხდება მსოფლიოში“, - აღნშნავს ის. ამის შემდეგ, ცუკერბერგი Messanger-სა და What’sApp-ში შემოსულ მესიჯებს ამოწმებს.
ბილ გეითსი - Microsoft-ის თანადამფუძნებელი
მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის თანადამფუძნებელი დილიდან თემების ფართო სპექტრს ეცნობა. ამასან, გეითსი Wall Street Journal-ს, New York Times-ს და The Economist-საც ეცნობა.
ჯონა პერეტი - Buzzfeed-ის დამფუძნებელი
ის დაახლოებით, 08:30 საათზე იღვიძებს და კითხვას New York Times-ის ბიზნესისა და სპორტის განყოფილებებით იწყებს. ასევე, ეცნობა New York Magazine-საც.
სხვა ახალგაზრდა ლიდერების მსგავსად, ჯონა პერეტიც ინფორმაციის დიდ ნაწილს Twitter-ისა და Facebook-ის მეშვეობით იღებს.
ჰოვარდ შულცი - Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი
როგორც 2006 წელს Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შულცმა CNN Money-ს განუცხადა, დილის 05:00 საათიდან 05:30 საათამდე იღვიძებს, ყავას იმზადებს და სამი გაზეთის კითხვას იწყებს. ესენია: Seattle Times, Wall Street Journal და New York Times.
Business Insider ვარაუდობს, რომ ეს ჩვევა ახლაც უნდა გრძელდებოდეს, რადგან შულცი მთელი 20 წლის განმავლობაში ასე იწყებდა დილას.
რიჩარდ ბრენსონი - Virgin Group-ის დამფუძნებელი
მისი თქმით, დილას მეილებზე პასუხითა და სიახლეების გაცნობით იწყებს. „ეს საათები მე საშუალებას მაძლევს, ყოველი დღე სიახლითა და მოწესრიგებული გრაფიკით დავიწყო“, - აღნიშნა მან.
ქეთ კოული - Focus Brands-ის ჯგუფის პრეზიდენტი
კოული დილას სოციალური მედიის შემოწმებით იწყებს. დილით 05:00 საათზე იღვიძებს, კალენდარს ამოწმებს, გადახედავს სოციალური მედიის ყველა პლატფორმას, რომელზეც ანგარიში აქვს შექმნილი, გადაათვალიერებს ახალ გვერდებს, ბლოგებს, მეილებს და შეამოწმებს სხვა შეტყობინებებს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მოდიოდა.
გარ ვაინერჩუკი -ანტერპრენერი და სოციალური მედიის გურუ
გარი ვაინერჩუკი დილას ბევრი ინფორმაციის მიღებით იწყებს. კითხულობს TechMeme-ს, MediaRedeff-ს, Business Insider-ს, ESPN-სა და Nuzzel-ს.
ასევე, დილიდან დიდ დროს ატარებს Twitter-ზე მიმოწერაში. შემდეგ კი ამოწმებს Instagram-ს, რათა შეიტყოს, მეგობრებმა რა დაპოსტეს.
ბობ იგერი - Disney-ს აღმასრულებელი დირექტორი
Disney-ს აღმასრულებელი დირექტორი ბობ იგერი დილას 04:30 საათზე იწყებს, რათა კითხვა და ვარჯიში მოასწროს. ამის შესახებ მან 2009 წელს New York Times-ს განუცხადა.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა