საქართველოს რამდენიმე ქალაქს ახალი ავტობუსები გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
„დღეს ჩვენს ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მასშტაბური ინვესტიციები მივეცით თბილისის მერიას და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, თუმცა ანალოგიური პრობლემები დგას საქართველოს სხვა ქალაქებში. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ეს მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით. ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, რუსთავისა და ფოთისთვის ჩვენ შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.