ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის ნორმალური. ამ საკითხზე მსჯელობა იქნება,- ამის შესახებ რეგიონულიგანვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ ანაკლიის ინვესტორი კომპანიის ახალ მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსკლუზივის მინიჭებას ითვალისწინებს.
„ნორმალური მოლაპარაკებები სწორედ იმისთვის არის რომ გაარკვიო რა არის ის გარემოება, რის გამოც ახალი პირობა ჩნდება. თუმცა, ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის ნორმალური ფორმა ვალდებულებების შესრულების, შესაბამისად, იგივე ის კონკურსი, რომელშიც კონსორციუმმა გაიმარჯვა კონკრეტულ პირობებზე იყო გამოცხადებული. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ახალი პირობები არის ნორმა, რომელიც სავალდებულოა არსებობდეს. ნებისმიერი ახალი პირობის გათვალისწინება და შემდგომში მასზე მსჯელობა, რისი მაგალითებიც გვაქვს არის სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტის მხარდაჭერის მიმართ გადადგმული ნაბიჯი. სახელმწიფოს ვალდებლება არ გააჩნია რომ ახალი პირობა იყოს გათვალისწინებული. ახალი პირობა და მისი გათვალისწინება არის კეთილი ნება. ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, მაგრამ მიჭირს ახლა რაიმე კონკრეტული ვთქვა, ამას გააზრება და შეფასება სჭირდება“,- განაცხადა ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა, ანაკლიის პორტის ოპერატორმა და ინვესტორმა ამერიკულმა კომპანია SSA Marine-მა, მთავრობას ახალი მოთხოვნა წამოუყენა, რომ ანაკლიის პორტი გარკვეული დროით, ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს საქართველოში.