C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები  უფასო გახდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, „დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური ბარიერი სრულიად მოხსნილია, ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტი, უფასოდ ჩაერთვება მკურნალობაში და მიიღებს იმ მედიკამენტებს, რომელიც მას სჭირდება სრული განკურნებისთვის“.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ამ დრომდე, მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევდათ, დღეიდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველად ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.

დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა.

მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სკრინინგის გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტებია. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა მოზრდილმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000 -ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 00-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა თანამედროვე პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით.