იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდება და ლარის გაუფასურება გაგრძელდება, სექტემბრიდან მედიკამენტებზე შესაძლოა, ფასები გაიზარდოს. ამის შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების პრეზიდენტმა ირინა ჭელიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა.
"იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, ყველა გადახედავს ფასებს, იმიტომ რომ არსებობს კონკურენცია, არსებობს უამრავი ფაქტორი. 99% მედიკამენტისა, დოლარშია შეძენილი და ისე შემოდის, ამიტომ სავარაუდოა, რომ მოიმატებს ფასები. სავარაუდოდ, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად არ გაიზრდება, თუმცა ეს ზრდა სხვა ტიპის პროდუქციას შეეხება და საბოლოოდ მედიკამენტები მაინც გაძვირდება“, - აღნიშნა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლარი ფაქტობრივად, ყოველდღიურად მორიგ ანტირეკორდებს ამყარებდა. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულებამ 3 ლარსაც კი გადააჭარბა. თუმცა, მას შემდეგ რაც აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9718 ლარი გახდა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის განხორციელება გადაწყვიტა. შედეგად,1-ელ აგვისტოს სებ-ის სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარიდან 32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ამის შემდეგ კი ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო.