3 აგვისტოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომ შტატებმა შესაძლოა, არ გააფორმოს შეთანხმება ბრიტანელებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუ ლონდონი უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებზე ციფრულ გადასახადს შემოიღებს. ამის შესახებ გამოცემა The Daily Telegraph-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გაფრთხილება ბრიტანეთის ხელისუფლებას გადაეცა „სხვადასხვა დონეზე“. შეტყობინება იყო შემდეგი სახის - „თუ თქვენ აამოქმედებთ ამ ტარიფს, ჩვენ არ დავიწყებთ თქვენთან მოლაპარაკებებს თავისფალ ვაჭრობაზე“ - აღნიშნავს გამოცემა.
დიდ ბრიტანეთში ციფრული გადასახადის ამოქმედების წინადადება ხელისუფლებას ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა შესთავაზა. მისი ხელმოწერა წლის ბოლომდე უნდა მოხდეს, ხოლო ამოქმედება 2020 წლიდან. ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ ამ ტარიფით ის 2022 წლისთვის ქვეყანას 400 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ახალ მინისტრს საჯიდ დავიდს აღნიშნულზე საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.