საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა მოხდეს ჭეშმარიტების დადგენა.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მიესალმება ყოველგვარ აქტიურობას კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ჭეშმარიტების დასადგენად, იქნება ეს მონიტორინგი თუ კვლევა და მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური თანამშრომლობის“, - აღნიშნულია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის Facebook გვერდზე.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა. კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.